თეგეტა ჰოლდინგი მზად არის, ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში
- 15.12.2020
თეგეტა ჰოლდინგი ეხმაურება ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center-ის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის, 13 იანვრის განცხადებას, რომელშიც განმარტებულია, რომ საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის დიდი რაოდენობით შესანახად ინფრასტრუქტურული ბაზა და ლოგისტიკური რესურესები არ ეყოფა.
თეგეტა ჰოლდინგი პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული კოვიდ 19-თან ბრძოლაში. კომპანია ახლაც მზად არის, თანადგომა აღმოუჩინოს სახელწიფოს და შესთავაზოს მაღალი ხარისხის სამაცივრე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ასევე Pfizer-ის მოთხოვნებს და ვაქცინის მინუს 80 გრადუს ტემპერატურაზე შენახვის შესაძლებლობას იძლევა.
აღნიშნული სამაცივრე სატრანსპორტო საშუალება გადაჭრის Pfizer-ის ვაქცინის ქვეყანაში შემოტანისა და ტრანსპორტირების ლოგისტიკურ პრობლემას. გარდა ამისა, სამაცივრე საშუალება შესაძლებელია, გამოყენებული იქნას როგორც ვაქცინაციის მობილური პუნქტი (Vaccination Mobile Facility). ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვაქცინაციის ტექნიკური რესურსი მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში არსებობს, თეგეტა ჰოლდინგის მიერ შეთავაზებული დანადგარი შესაძლებელს გახდის, დააჩქაროს რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაცია.
თეგეტა ჰოლდინგი მზად არის, უმოკლეს ვადებში მოახდინოს შესაბამისი რესურსების მობილიზება და პროფესიონალური გუნდის მეშვეობით მაქსიმალურად სწრაფად ჩაერთოს ვაქცინაციის ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული მხარის გამართვის პროცესში.ჰოლდინგის მენეჯმენტი იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ ერთხელ წარმატებით ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარებაში.